კასილასის აგენტმა პერესი შავკანიანი ფეხბურთელების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარის, იკერ კასილასის აგენტი სანტოს მარკესი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს 1994 წლიდან იცნობს და ახლა მას შავკანიანი ფეხბურთელების მიმართ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. კერძოდ, აგენტმა განაცხადა, რომ თავის დროზე კლოდ მაკელელესა და სამუელ ეტოოს “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლის მიზეზი მათი კანის ფერი გახდა.
“პერესმა მაკელელს მიმართ ღიად გამოხატა უპატივცემულობა. ფლორენტინოს არ უყვარს შავკანიანი ფეხბურთელები. ის არ არის რასისტი, მაგრამ შავკანიანი მოთამაშეები არ უყვარს. მე მას ეტოოს გამოც კი ვეჩხუბე. სამუელი უფრო დიდი მადრიდელი იყო, ვიდრე ლუიშ ფიგუ, მაგრამ მას კანის ფერის გამო კლუბიდან წასვლა მოუხდა.
“რეალის” მთელმა შემადგენლობამ იცის, ვინ არის პერესის ფავორიტი. ეს მწვრთნელმაც იცის. კარლო ანჩელოტის პერესთან ერთადერთი უთანხმოება გარეტ ბეილის გამო ჰქონდა. პერესი უელსელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ თვლის.
მან არ იცის, როგორ უნდა მოეპყრას “ოქროს ბურთის” მფლობელს, რომელიც უკვე ჰყავს გუნდში. პერესმა გაუშვა იგუაინი, დი მარია, დელ ბოსკე… არცერთი მათგანი არ ყოფილა ცუდი თავის საქმეში. დელ ბოსკემ ყველაფერი მოიგო, მაგრამ ის არ იყო პერესის მორჩილი, ამიტომ ფლორენტინომ კარლოს კეირუში მოიყვანა, რომელმაც გუნდი თითქმის დაშალა”, – მარკესის სიტყვები “ასმა” გამოაქვეყნა.