კასილასმა გადაწყვიტა
მადრიდის „რეალის“ კიპერმა იკერ კასილასმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ბოლო პერიოდში გუნდის ძირითად მეკარედ დიეგო ლოპესი გვევლინება, კასილასმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რის გამოც ესპანურმა და მთლიანად ევროპულმა პრესამ „რეალის“ კაპიტნის შესაძლო ტრანსფერზე სპეკულირება დაიწყო. რა აღარ დაიწერა, რომელ გუნდში აღარ წაიყვანეს კასილასი, თუმცა ამ ყველაფერს თავად იკერმა წერტილი დაუსვა.
„რეალში“ დარჩენა გადავწყვიტე. მინდა, რომ მადრიდულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი მოვიგო, დავეუფლო სხვადასხვა ტიტულბს და კიდევ გავხდე ჩემპიონი. ჩემს გარშემო ბევრი სპეკულაციაა, ყოველდღიურად ვრცელდება ჭორები და ეს ნორმალურია. მე „რეალის“ მოთამაშე ვარ, ყოველთვის მისი ვიყავი და მინდა, რომ აქ დავრჩე.
ისეთ გუნდში თამაში, როგორიც „რეალია“, შესაძლებლობას გაძლევს, ტიტულები მოიგო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში გუნდში ყოფნა ადვილი საქმე არ გახლავთ. მოთხოვნები იზრდება და წლიდან წლამდე უნდა გაიუმჯობესო მდგომარეობა. ბედნიერი ვარ, რომ კლუბში ვრჩები. ხუთ-ექვს წელიწადში ვნახოთ, რა იქნება“, – კასილასის სიტყვებს სპორტული პორტალი Goal.com-ი ციტირებს.
32 წლის კასილასს „რეალთან“ კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.
ბექა დოგრაშვილი