კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“
ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე
„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“
– ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი
„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“
– სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?
„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.
– ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?
„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“
– ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?
„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“
– ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?
„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“
– დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?
„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“
– რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?
„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“
– კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?
„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“
– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?
„ჯერ არა“
– ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?
„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“
– საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?
„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“