კავანი და “ბარსელონა” შეთანხმდნენ
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.
Sport.es-ის ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა. 34 წლის ფორვარდმა “ბლაუგრანასთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი იანვრის პირველ დღეებში უნდა გააფორმოს, მანამდე კი “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს.
“ბარსელონა” სხვა თავდამსხმელების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი ედინსონ კავანიზე შეაჩერა, რაც რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ურუგვაელი ფეხბურთელი თავად იყო კლუბის გამოცვლით დაინტერესებული. გარდა ამისა, კავანი თანახმაა, პირველი ექვსი თვე ხელფასის ოდენობა შეიმციროს, რათა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ სახელფასო ჭერს არ ასცდეს.
ედინსონ კავანიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.