კავანის დედა “ატლეტიკოს” პრეზიდენტისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს
ედინსონ კავანის არშემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადებას ურუგვაელი ფეხბურთელის დედაც აკეთებს, რომელიც “ატლეტიკოს” პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და ედინსონ კავანის შორის ვერბალური შეთანხმება არსებობდა, თუმცა ფეხბურთელის ძმამ და აგენტმა უოლტერ ფერნანდომ დამატებითი თანხა მოითხოვეს, რაზეც “ატლეტიკომ” უარი განაცხადა.
“არ მინდა ვინმეს კონკრეტულად შევეხო, მაგრამ სირცხვილია, როგორ იყენებს ფეხბურთელის ახლობელი ან წარმომადგენელი ყველაფერს თავის სასარგებლოდ. შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გაგვძარცვონ,” – განაცხადა ტრანსფერთან დაკავშირებით “როხიბლანკოს” პრეზიდენტმა სერეზომ.
კავანის დედა ბერტა გომესი კი აცხადებს: “შეუძლებელი არაა, რომ კავანი ზაფხულში “ატლეტიკოში” გადავიდეს, თუმცა მანამ “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
ჩემ შვილს წინადადებები სხვა კლუბებიდანაც ექნება, რაშიც ეჭვიც არ გვეპარება. მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიქრობს ჩოლოს მეთაურობით თამაშზე. თუ პრეზიდენტი თავის სიტყვებს უკან წაიღებს, ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს.”