კავკასიელები შეიკრიბნენ
თბილისის კავკასიელებმა ორმატჩიანი საკვალიფიკაციო რაუნდისათვის მზადება დღეს, 8 სექტემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს. ლევან მაისაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 30 მორაგბეს მოუყარა თავი.
თბილისის კავკასიელებს ჩელენჯ კაპზე მოსახვედრად იტალიურ როვიგოს 20 და 27 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჩელენჯ კაპის გათამაშების I ჯგუფში კარდიფ ბლუზთან, ლონდონ აირიშთან და გრენობლთან მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის კავკასიელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობისათვის შეიქმნა.
ლევან მაისაშვილი, თბილისის კავკასიელების მთავარი მწვრთნელი: „გუნდი დღეს შევიდა შეკრებაზე. ჯერ 30 მოთამაშეს მოვუყარეთ თავი. მეტის შეკრება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ რამოდენიმემ უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ტრავმები მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება. საუბარია გიორგი ტორაძეზე და გელა შალამბერიძეზე. ამასთან ერთად პრობლემურია პირველი ხაზის მოთამაშეების შერჩევა.
„გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებიან გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური, რომლებიც 13 და 14 სექტებერს გრან-პრის მანჩესტერის ეტაპზე 7-კაცას დაეხმარებიან და ორშაბათიდან დაგვიბრუნდებიან.
„დღეს საღამოს გავმართავთ პირველ ვარჯიშს და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, რაზე უნდა ვიმუშაოთ როვიგოს მატჩისათვის. გამგზავრებამდე ვიმედოვნებ, რომ რამოდენიმე მოთამაშის დამატებას შევძლებთ.“
Rugby.Ge