კეილორ ნავასი: “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ”
მადრიდის “რეალის” კიპერმა კეილორ ნავასმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ბარსელონასთან” ანგარიშით 0:4 განადგურების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ დასკვნები გამოვიტანეთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გვესმის, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თავად ჩვენ ვართ დამნაშავეები, თუმცა ჩვენი მიზნები უცვლელია და ბრძოლას ვაგრძელებთ”, – აღნიშნა ნავასმა.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მეკარემ დამდეგი შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“რა თქმა უნდა, “შახტარი” ძლიერი მეტოქეა, ქულებიც სჭირდება. ვეცდებით, რომ უშეცდომოთ ვიმოქმედოთ, გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. როგორც ყველა მატჩში, ხვალაც გამარჯვებას ვგეგმავთ”, – განაცხადა კეილორ ნავასმა.
მატჩი “შახტარსა” და “რეალს” შორის ხვალ, ლვოვში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.