კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს ფრანგულ გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს და “ნაპოლიში” გადაბარგდება.
ცოტა ხნის წინ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ თქვა, რომ ახალ სეზონში გუნდის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იქნება.
კეილორ ნავასს თვალი კარზე უჭირავს და მასთან მოლაპარაკებას იტალიური კლუბი აწარმოებს. პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.
“ნაპოლი” ლონდონის “ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას მიმართაც იჩენდა ინტერესს, თუმცა დღესდღეობით ნეაპოლური გუნდის მაისურის მორგების უფრო დიდი შანსი კოსტა-რიკელ კიპერს აქვს.
კეილორ ნავასმა გასულ სეზონში “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 24 ბურთი გაუშვა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.