კეილორ ნავასი: “ყურადღებას არ ვაქცევ დე ხეას ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალს” ისევ უკავშირებენ. ესპანელი 2015 წლის ზაფხულზე ძალიან ახლოს იყო “გათეთრებასთან”, თუმცა ტრანსფერის განხორციელება საბუთების სწრაფად ვერგადაგზავნის გამო ვერ მოხდა და დავიდი “წითელ ეშმაკად” დარჩა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ დაიწყეს იმაზე წერა და საუბარი, რომ 26 წლის კიპერი “რეალში” მომავალ ზაფხულში გადავა. ამ საკითხზე ჰკითხეს “რეალის” ამჟამინდელ მეკარე, კეილორ ნავასს. კოსტა-რიკელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეს თემა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებასა და გუნდის დახმარებაზე კონცენტრირებული.
“ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. არ მაინტერესებს, თუ რა საუბრობენ ჩემს წასვლასთან და ჩემი შემცველის გუნდში გადმოსვლასთან დაკავშირებით. ამაზე ფიქრი მე არაფერს შემმატებს.”
“მხოლოდ და მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ყოველდღე ბევრი ვიშრომო, საუკეთესო ფორმაში ვიყო და მსგავსი ჭორები დავაიგნორო.”
“მადრიდში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მეც სულ იმის ცდაში ვარ, რომ მუდამ პროგრესი განვიცადო და ღირსეულად ვიდგე ამ სპორტსმენებს შორის,” – აცხადებს 30 წლის მეკარე.