კერიკმა “ვილიარეალთან” მოგება სულშერს მიუძღვნა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გასვლაზე “ვილიარეალი” დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მაიკლ კერიკმა ეს გამარჯვება ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა, რომელმაც გუნდის თავკაცის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
“ფეხბურთელებთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ბოლო დღეები კლუბის თითოეული წევრისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ საქმე გვქონდა გასაკეთებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული მატჩი გამოდგა.
ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით, ეს გამარჯვება ოლესთვის იყო, ამას გვერდს ვერ ავუვლით. ყველაფერთან ერთად, კარის მშრალად შენახვაც მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გულწრფელად გეტყვით, იმის იმედი ნამდვილად არ მქონია, რომ აქ მოვიდოდით და უბრალოდ ლამაზი ფეხბურთის თამაშით გავიმარჯვებდით. ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ,” – აცხადებს კერიკი.