კევინ პრიტჩარდი: “ბითაძე ყველაზე ჩამოყალიბებული მოთამაშეა მათ შორის, ვინც დრაფტზე ამირჩევია”
“ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “პეისერსმა” აირჩია. პრიტჩარდმა მედიასთან საუბრის დროს ქართველ კალათბურთელზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ჩვენ გოგა ავირჩიეთ. სიმართლე გითხრათ, ახლა აქ ვზივარ და ვერ ვიჯერებ, რომ ის მე-18 პიკი იყო. ჩვენ მას უფრო მაღლა მოვიაზრებდით. ბითაძე ჩვენ სტილს იდეალურად ერგება. დაფარება – ეს ის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც მასში ყველაზე მეტად მოგვწონს. ჩვენ მისი ბევრი ვიდეო ვნახეთ და მის თამაშსაც დავესწარით. სტატისტიკიდან გამომდინარე, დონჩიჩის შემდეგ, ის საუკეთესო ევროპელი მოთამაშე იყო დრაფტზე.
ვფიქრობ, არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ მას თამაში შეუძლია. ის იმ ლიგაში (ადრიატიკის ლიგა) და ევროლიგაში თამაშობდა, სადაც კაცები თამაშობენ, ეს სახუმარო არ არის. მას დაპირისპირება მაღალი დონის კალათბურთელებთან უწევდა. ბითაძეს მოხსნების გაკეთება და დაფარება შეუძლია. ყოველდღიურად უკეთესი მსროლელი ხდება. მას თამაშის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ყველაზე მეტად ის კალათბურთელი გვჭირდებოდა, რომელსაც დაფარებები შეუძლია.
ცოტაა ისეთი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც ფლეი-ოფის გუნდში თამაში შეუძლია, მაგრამ გოგა განსხვავებულია, ის პროფესიონალურ დონეზე 16 წლიდან თამაშობს. ვფიქრობ, გოგას თამაში სეზონის დასაწყისიდანვე შეეძლება. იმ კალათბურთელებს შორის, ვინც დრაფტზე ამირჩევია, ვფიქრობ, გოგა ყველაზე ჩამოყალიბებულია. ის კოლეჯიდან გადმოსულ ახალგაზრდებზე მეტად მზადაა იმისათვის, რომ ითამაშოს”, – განაცხადა პრიტჩარდმა.