ხაბიბ ნურმაგომედოვი და რეპერი ტიმატი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მართალია, ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორთან შესახვედრად ემზადება, მაგრამ მან სოციალურ ქსელში რეპერ ტიმატისთან დაპირისპირება მაინც მოახერხა.
კონფლიქტი ნურმაგომედოვის მიერ აგვისტოში Instagram-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს მოყვა. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაღესტანში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის მონაკვეთი განათავსა და უკმაყოფილება გამოთქვა: “თანამედროვე დაღესტანი. ეს ისაა, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს?”
ხაბიბის ამ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და დაღესტანში რეპერების საწინააღმდეგოდ უარყოფითი ტალღა აგორდა. 9 სექტემბერს რუს რეპერ იგორ კრიდს დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში კონცერტი უნდა გაემართა, მაგრამ მან ღონისძიება საერთოდ გააუქმა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არტისტს ემუქრებოდნენ.
კონცერტის გაუქმების ამბავს ნურმაგომედოვი ასე გამოეხმაურა: “ეს დიდი დანაკარგი არ არის.”
მალევე, ნურმაგომედოვს პასუხი იგორ კრიდის პრომოუტერი კომპანიის “Black Star”-ის ხელმძღვანელმა, რეპერმა ტიმატიმ გასცა, რომელმაც ვიდეომიმართვა გაავრცელა: “მომესმა შენი განცხადებების შესახებ, იმაზე, თუ რას უნდა მოუსმინოს ხალხმა დაღესტანში და რას – არა. მე მეგონა, შენი ნათქვამი მედიამ გააზვიადა, მაგრამ შემდეგ შენი ინსტაგრამი შევამოწმე და იგორ კრიდის გაუქმებულ კონცერტზე გიწერია, რომ “ეს დიდი დანაკარგი არ არის”. მესმის, რომ ზოგიერთი სიმღერა სასიყვარულო ტექსტებს შეიცავს, რაც შენ არ მოგწონს, მაგრამ სხვის აზრს პატივი უნდა სცე.”
ტიმატის ეს მიმართვა უპასუხოდ არც ხაბიბს დაუტოვებია: “პატარა ბიჭებს თავიანთ სიტყვებზე მოეკითხებათ. მე შენთვის დრო არ მაქვს. არავის არაფერს ვაიძულებ, მაგრამ სასაცილოა, რომ მეუბნებიან, თურმე არ მაქვს უფლება, ჩემი აზრი მქონდეს. ზოგიერთი ეშმაკი ვერ მეტყვის, რა უნდა გავაკეთო და რა – არა. რჩევისათვის სხვა ადამიანები მყავს, რომელთაც ვუსმენ.”
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი 6 ოქტომბერს UFC-ში კონორ მაკგრეგორს შეხვდება.