ხაბიბ ნურმაგომედოვი, შესაძლოა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს
UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1 ივნისს სოხუმში მასტერკლასს ჩაატარებს. ეს ინფორმაცია გამოცემა “სპუტნიკს” ე.წ. აფხაზეთის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გერგედავამ დაუდასტურა.
ღონისძიებას სოხუმის “დინამოს” სტადიონი უმასპინძლებს და ის 19:00 საათზე დაიწყება.
ხაბიბის სოხუმში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია თებერვალში გავრცელდა, თუმცა ახლა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში ვიხილავთ.
სოხუმში რუსეთის ტერიტორიიდან ჩასვლის შემთხვევაში, ნურმაგომედოვი დაარღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ამ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე) შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ასევე განსაზღვრავს იმ გამონაკლისს შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სპეციალური ნებართვითაა დასაშვები. ასეთი ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ის ემსახურება:
“საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.”