ხარაიშვილი: “ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ხარაიშვილმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა ჯეკ სერჯანტთან შეჯახების შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გიორგი უკვე შვედეთში იმყოფება, სადაც საკუთარ კლუბთან ერთად მომზადებას დაიწყებს.
სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 23 წლის შემტევის კომენტარი გამოქვეყნდა:
“პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას.
რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.
მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემ გულშემატკივარს, ვინც გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა”, – განაცხადა ხარაიშვილმა.
ფოტო: gff.ge