ხარაიშვილი: „უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენა და თამაში უფრო გაგვიადვილდება“
მიმდინარე სეზონში „საბურთალოს“ სახით საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ამჟამად 44 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს „ჭიათურასა“ და სტუ-ს 15 ქულით უსწრებს. საბურთალოელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილია, რომელმაც 12 გოლი გაიტანა და თანაგუნდელ გურამ გუშთელიანთან ერთად ჯგუფის ბობმარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს. გიორგი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.
– მიმდინარე სეზონში „საბურთალო“ მართლაც ბრწყინვალედ გამოდის და უახლოეს მდევარს 26 ქულით უსწრებს. როგორ შეაფასებდი შენი გუნდის გამოსვლას?
რაც დაგეგმილი გვქონდა, ყვალაფერი გამოგვივიდა. უმაღლესში გადასვლა გვინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. პირველივე წრეში საკმოდ წინ ვართ, მაგრამ მეორეში ბევრად მოვუმატებთ. არ არის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება, უბრალოდ, აქ გუნდები შედარებით მეტს იბრძვიან. ვფიქრობ, უმაღლესში თავის გამოჩენაც და ფეხბურთის თამაშიც უფრო გაგვიადვილდება.
– ამჟამად გურამ გოშთელიანთან ერთად ჯგუფისა და გუნდის ბომბარდირი ხარ. გამართლდა თუ არა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შენი მოლოდინი?
სიმართლე რომ გითხრათ, ბომბარდირთა დავას არც ვუყურებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს. ორივეს მოლოდინი გამართლდა, კარგ ფორმაში ვართ და მაქსიმუმს ვაკეთებთ.
– წელს გატანილ გოლებს შორის განსაკუთრებულად რომელიმე თუ დაგამახსოვრდა?
„მაჭახელასთან“, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბოლო წუთებზე გოლი გავიტანე. ეს განსაკუთრებული სამი ქულა იყო.
– როგორი განწყობაა გუნდში? უკვე ფიქრობთ თუ არა შემდგომ სეზონზე და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
წელს ერთი თამაში დავრჩა და ბოლომდე კარგი განწყობა გვექნება. არ ვფიქრობთ, რომ უკვე უმაღლესში გადასულები ვართ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და არ ვიცით, რა მოხდება. მოდუნება არ შეიძლება, უფრო უნდა მოვუმატოთ. თებერვალში თურქეთში შეკრებას გავივლით.
– ოქტომბერში 19-წლამდელთა ნაკრებში სამჯერ ითამაშე. რამდენად კმაყოფილი დარჩი საკუთარი თამაშით?
გუნდში და ნაკრებში ჩემი თამაში ძალიან განსხვავდება. ნაკრებს სხვა დატვირთვა აქვს და ბევრად პასიურიც ვარ, ჩემი შესაძლებლობების 50%-საც ვერ ვამჟღავნებ
– რომელიმე უცხოური კლუბიდან შემოთავაზება თუ გქონია?
რამდენიმე გუნდზე წერდნენ და საუბრობდნენ, თუმცა პირადად ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს
– და ბოლოს, არ შემიძლია ეროვნულ ნაკრებზეც არ გკითხო. იხილავდი თუ არა მის სათავეში კონკრეტულად რომელიმე მწვრთნელს?
ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, თუ ვინ უფრო კარგად მოერგება ფეხბურთელებს. მგონი, ეს არავინ იცის.