ხავიერ ძანეტი: „დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს?“
მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მოგვიანებით კი, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან კლუბი იყიდა.
„ეს წელი დავიწყეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენამდე მოიტანოს თავისი იდეები. ვმუშაობთ, რომ მის გეგმებს მივყვეთ. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარი მიზანი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაა.
პრეზიდენტი თოჰირი ნათელი იდეების მქონე პიროვნებაა. იმედი გვაქვს, რომ „ინტერს“ მაღალ პოზიციაზე დავაბრუნებთ. ვცდილობთ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მადლობას ვუხდი კლუბის ქომაგებს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ. მინდა, რომ მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – აღნიშნა ძანეტიმ.
40 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იმასაც, თუ როდის აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.
„რა არის ჩემი საიდუმლო? ვცდილობ, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია, თანაგუნდელებს დავეხმარო. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ვარ.
ვიმედოვნებ, რომ 2014 წელი ბედნიერი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს „ინტერი“ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, რაც ყოველ ჩვენთაგანს გაახარებს.
დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს? ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია, მოედანზე გუნდს სარგებელი მოვუტანო, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონეებს მაინც შევხვდები. მინდა თუ არა, რომ კვლავ ვითამაშო? დიახ, მინდა, მაგრამ წინ კიდევ ექვსი თვეა და მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „ინტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი