ხავიერ ძანეტი – კარიერის დასრულება ჯერ ადრეა
მილანის „ინტერის“ ახალი მფლობელი ერიკ თოჰირი „ნერიაძურის“ 40 წლის მცველ ხავიერ ძანეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი შემოთავაზებას დასთანხმდება.
ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ წერს.
ამასთან, „ინტერი“ მზად არის, ძანეტის ნებისმიერ მომენტში შესთავაზოს კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ან ტექნიკური დირექტორის პოსტი.
თავად არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს: „კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“
უახლოეს მომავალში ძანეტი „ნერიაძურის“ ახალ მფლობელთან ამ საკითხის განხილვას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან ოფიციალურად შეისყიდა „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი.
ბექა დოგრაშვილი