ხელბურთელ ლეგიონერთა ამბები
ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ. წინა კვირის გმირი იყო რევაზ ჭანტურია, რომელმაც მაკედონიის სტრუმიცას შემადგენლობაში 13 გოლი გაუტანა ბოსნიის ბორაცს.
სამხრეთ-აღმოსავლეთი ლიგის თასზე სტრუმიცამ ორჯერ ითამაშა – ჯერ სტუმრად 13-42 განადგურდა ზაგრებში. ჭანტურიამ ამ თამაშში გოლი ვერ გაიტანა. რაც მისთვის უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ უკვე შინ, ბანია-ლუკას ბორაცთან 13 ბურთი მარტო რეზომ შეაგდო, მათ შორის, ზედიზედ 6 პირველ ტაიმში. სტრუმიცა 27-30 აგებდა, მაგრამ ბოლო ორ წუთში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ, 30-30 დაასრულა.
სტრუმიცას, ისევე როგორც ნოვი სადის ვოივოდინას 6 მატჩიდან მხოლოდ 2 ფრე აქვს. სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი სეჰა-ლიგაზე ბელარუსში დამარცხდა მეშკოვ ბრესტთან (22-31) ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შინ მოუგო რუსეთის მედვედებს – 26-24. დათუკაშვილს ამ ორ მატჩში არ უთამაშია.
თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძის გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი ჯერ ანთალიასთან დამარცხდა (25-34) და ქართველმა ინსაიდმა 1 გოლი გაიტანა, შემდეგ ტურში კი პირველი მატჩი მოიგო შინ ანკარასთან – 32-18. აქ რატიმ უკვე 9 ბურთი შეაგდო.
რუმინეთის ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობენ CSM ბუქარესტი და ოდორჰეი. ოდორჰეიმ ზედიზედ მეევსე მატჩი შინ კელერაშის 29-27 მოუგო და ვლადიმერ რუსიამ 7 გოლი გაიტანა, მაგრამ მეშვიდე ტურში 22-26 წააგო ტარგუ ჟიუსთან იმის გამო რომ აკლდა 3 ლიდერი, გორან კუზმანოვსკი, ლაზო მაინოვი და რუსია, რომელმაც თამაში ოჯახური პრობლემების გამო გამოტოვა.
ლიდერებს 16 ქულით მიჰყვება სამი კლუბი – ბუქარესტის სტიაუა და დინამო, ასევე შოთა თევზაძის რეშიცა. ქართველი მეკარის კლუბი სეზონში პირველად ტურდაში დამარცხდა (23-24), შემდეგ კი შინ ბუქარესტის დინამოს სძლია (35-34).
12 ქულით მეექვსე ადგილზეა ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომელმაც ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა შინ დაამარცხა ფოჩანი (31-26) და სტუმრად – ვასლუი (27-23). საქართველოს ნაკრების შუამარბმა 5 და 3 გოლი გაიტანა და 7 მატჩში 37 დაუგროვდა.