ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები იანვარში გაიმართება
იანვარში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ხელბურთელთა ორი ასაკობრივი ნაკრები. 8-17 იანვარს ლატვიაში – ახალგაზრდული, ხოლო 25-31 იანვარს, მაკედონიაში – ჭაბუკთა ნაკრები.
ორივე ეს შეჯიბრება 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომმა საბოლოოდ დაადგინა ტურნირის ახალი ვადები. ასაკობრივი კატეგორია იგივეა. ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ 2000 წელს და გვიან დაბადებული ხელბურთელები, ხოლო ჭაბუკთა, 18 წლამდელთა ნაკრებებში – 2002 წელს და გვიან დაბადებულები.
2019 წლიდან ამ ჩემპიონატების ფორმატში სიახლეა: გამარჯვებული გუნდები მიღებენ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მსოფლიო ჩემპიონატების პირდაპირ საგზურს. 2021 წელს ორი ასეთი მსოფლიო ჩემპიონატია 21 და 19-წლამდლთა შორის.
2021 წლის იანვარში ევროპულ შეჯიბრებებში მორიგეობით ჩაებმება საქართველოს სამი ნაკრები. 2-8 იანვრის პერიოდში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უწევს ევრო 2024 წლის პირველი შესარჩევი რაუნდი; 8-17 იანვარს ახალგაზრდული გუნდის ჯერია, ხოლო 25-31 იანვარს საქმეში ჭაბუკები ჩაერთვებიან.
ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებებმა 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყეს მზადება ევროპის მომავალი ჩემპიონატებისთვის, გაიარეს რამდენიმე საწვრთნელი შეკრება, მაგრამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ ონლაინ-ვარჯიშებით შემიოფარგლნენ.
ახალი სეზონის პირველი საწვრთნელი შეკრების ჩატარება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, იქამდე სპორტულ დარბაზებში უნდა განახლდეს საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი.
—
ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, 2020
კაცები 20 წ. 8-17 იანვარი 2021, ლატვიაში
A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია
B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს
—
კაცები, 18 წ. 25-31 იანვარი 2021, მაკედონიაში
A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი
B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს