ხელბურთი. ინტერვიუ გიორგი ცხოვრებაძესთან
ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის მონპელიეს 18 წლის ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე ამას წინათ საქართველოში იყო ჩამოსული. ამ ინტერვიუში ის გვესაუბრება ფრანგულ კლუბში მიმდინარე ამბების შესახებ.
– გიორგი, საფრანგეთში სეზონი მიმდინარეობს, რატომ ხარ თბილისში?
– წელს სკოლას ვამთავრებ. დაუსწრებლად. გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი და
ერთი კვირით გამომიშვეს.
-მონპელიეში რა ხდება, როდის უნდა გიხილოთ მთავარ გუნდში?
-მომდევნო სეზონიდან ოფიციალურად გავხდები მთავარი გუნდის მოთამაშე,
ჯერჯერობით კი ვთამაშობ საფრანგეთის პირველ ნაციონალურ ლიგაში.
-გუნდს ოფიციალურად რა ჰქვია?
-მონპელიე, სარეზერვო გუნდი. საფრანგეთში არის ორი პროფესიონალური ლიგა –
პირველი, ლიდლ-სტარლიგა და მეორე, პროლიგა. შემდეგ მოდის პირველი
ნაციონალური ლიგა, სადაც უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი სარეზერვო გუნდით
თამაშობს – ჩვენ, პარი სენ-ჟერმენი, შამბერი, ნიმი, კრეტეი… სულ არის 32
გუნდი, რომლებიც 4 ზონად არიან დაყოფილი – ჩრდილო-აღმოსავლეთი,
ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი. ჩვენ სამხრეთ
აღმოსავლეთში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ოთხი ზონის 2-2 საუკეთესო გუნდი
პროლიგაში გადასასვლელად იბრძვის, ხოლო დანარჩენები – ლიგაში დარჩენისთვის.
ჩვენს გუნდს არავითარი სატურნირო ამოცანა არ ჰქონდა – სარეზერვო გუნდი ზედა
ლიგაში ვერ გადავა, ერთადერთი, არ უნდა გავარდეს და ეს არც გვემუქრება.
პარი სენ-ჟერმენის სარეზერვო გუნდს, მაგალითად, ჩვენზე უარესი შედეგები
აქვს.
სარეზერვო გუნდის დანიშნულება ისაა, რომ ახალგაზრდებს თამაშის საშუალება
ჰქონდეთ. აქ თამაშობს რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ქართველი
მაყურებლისთვის ცნობილია: იტალიელი ძმები მენგონები, რომლებიც 2018 წელს,
თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს; კილიან ვილმინო და
ჟულიენ ბოსი – ესენი 2017 წელს საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონები
გახდნენ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ვილმინო უკვე იშვიათად გვეხმარება,
რადგანაც ძირითად გუნდში უკვე რეგულარულად თამაშობს, ბოსს კი უფრო ხშირად
უწევს სარეზერვო გუნდთან ყოფნა – მაგალითად, ბოლო მატჩში, რომელშიც 30-24
დავამარცხეთ ფოლსშვილერი, ბოსი 6 გოლით შემოგვეშველა, მე კი 13 დარტყმიდან
9 გოლი გავიტანე. თამაშში საშუალოდ 10 გოლი გამაქვს…
-და ძირითად გუნდში რა ხდება?
-ჩემპიონობა გაგვიჭირდება, რადგანაც ბოლო ტურში ივრისთან წავაგეთ და
პარი-სენ-ჟერმენს 6 ქულით ჩამოვრჩით. უფრო ნანტს უნდა ვებრძოლოთ მეორე
ადგილისთვის და ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურისთვის. ნანტი ახლა 1 ქულით
გვისწრებს და სათამაშო კიდევ 7 ტურია. ვიბრძვით საფრანგეთის თასისთვის.
მეოთხედფინალში აქ პსჟ დავამარცხეთ, 32-31 და ნახევარფინალში შამბერის
ვხვდებით. გარდა ამისა, აქ კიდევ იმართება ლიგის თასი, რომლის ფინალში
იმავე პარი სენ ჟერმენმა მოგვიგო, 31-25.
ძირითად გუნდში ჯერჯერობით რამდენიმე ამხანაგური მატჩი მაქვს ნათამაშები,
მაგრამ მომდევნო სეზონიდან უკვე ოფიციალურად იქ ვიქნები, მითუმეტეს, ჩემი
პოზიციის ერთ მოთამაშეს, სლოვენიელ კავტიჩნიკს კონტრაქტი უმთავრდება და
მიდის.
-სეზონი როდის გიმთავრდება?
-ივნისის დასაწყისში თბილისში ვიქნები და საქართველოს ნაკრებთან ერთად
მოვემზადები ევრო-2022 ის შესაარჩევი ტურნირისთვის, რომელიც 8-16 ივნისს
სპორტის სასახლეში იმართება. მალტაში, წინა შესარჩევ ტურნირზე, კვიპროსთან
მატჩში ძალიან არ გაგვიმართლა და ეხლა ერთადერთი ამოცანა გვაქვს –
აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს ტურნირი და პლეიოფში გავიდეთ!
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია