“ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი” – თემურ ჭყონია რონალდუს საქციელს გამოეხმაურა
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია კრიშტიანო რონალდუს საქციელს გამოეხმაურა და პორტუგალიელ ფეხბურთელს “ხეპრე” უწოდა.
როგორც იცით, კრიშტიანომ უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კოკა-კოლაზე უარი თქვა, ბოთლები გვერდზე გადადო და საზოგადოებას წყლის დალევისაკენ მოუწოდა.
“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”, – განაცხადა ჭყონიამ “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს საქციელის შემდეგ კოკა-კოლას აქციების ფასი 1.6 პროცენტით, ხოლო სამშაბათს მისი ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით შემცირდა.