“ხეტაფე” მილანში გამგზავრებაზე უარს აცხადებს
“ხეტაფეს” პრეზიდენტის, ანხელ ტორესის განცხადებით, მისი კლუბი ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ინტერთან” გასამართი მატჩისათვის მილანში გამგზავრებას არ აპირებს. შეხვედრა 12 მარტს უნდა გაიმართოს. “ხეტაფემ” უეფას მატჩის სხვა ადგილას გამართვის თხოვნით მიმართა, მაგრამ საპასუხოდ უარი მიიღეს.
“თუ დილამდე არაფერი შეიცვლება, “ხეტაფე” მილანში არ გაემგზავრება. ჩვენ უეფას ვთხოვეთ, რომ მატჩი მილანის მაგივრად სხვაგან ჩატარებულიყო. არ გვინდა, რომ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მოვხვდეთ, ეს არ გვჭირდება. დახმარება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასაც ვთხოვეთ. თუ წაგებას ჩაგვითვლიან, მაშინ ასე იყოს. ჩვენ ამ დაპირისპირებას იმედიანად ვხვდებოდით, მაგრამ თუ ასე უნდა მოხდეს, ასე იყოს”, – ციტირებს ტორესის სიტყვებს “ასი”.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში 3 აპრილის ჩათვლით გასამართი ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა. ქვეყანაში კორონავირუსით 10 000 ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 630-ს მიაღწია.