“ხიმნასტიკმა” მთავარი მწვრთნელი შეცვალა, კაკაბაძეს “ლევანტეს” დამრიგებლის თანაშემწე გაწვრთნის
ტარაგონას “ხიმნასტიკმა”, რომელშიც ქართველი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, გუშინ სეგუნდა დივიზიონის 39-ე ტურში, საკუთარ მოედანზე “სევილია II”-თან წააგო. ეს კატალონიური კლუბისთვის ზედიზედ მესამე წაგებული და ზედიზედ მეხუთე მოუგებელი შეხვედრა იყო. ამ ყველაფრის გამო, “ნასტიკი” ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 43 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “კორდობას” ერთადერთი ქულით უსწრებს.
წარუმატებელი თამაშის გამო, სულ ცოტა ხნის წინ, კაკაბაძის გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ნანო რიბასი პოსტიდან გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, მის ადგილს ვალენსიას “ლევანტეს” მწვრთნელის თანაშემწე, ხოსე ანტონიო გორდიიო დაიკავებს. ის წარსულში “ხიმნასტიკში” თამაშობდა (1998-2002 და 2003 წლებში).
შეგახსენებთ, რომ ქართველი უკანახაზელი ესპანურ კლუბში 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. იგი 2017 წლის იანვარში ნახევარწლიანი იჯარით “ესბიერგში” გაანათხოვრეს. ხოლო, ამ სეზონში უკვე ყოფილი მწვრთნელები დიდ ნდობას უცხადებდნენ: ოთომ 33 შეხვედრა ჩაატარა, ყველაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ერთი გოლიც გაიტანა.