ხინჩეგაშვილი მსოფლიო რეიტინგში ახალ წონით კატეგორიაშიც ლიდერია
5 ივნისს, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგს, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ამჯერად ერთი წონით ზედა 61 კგ კატეგორიაში ჩაუდგა სათავეში.
შეგახსენებთ რომ 57 კგ-ში ხინჩეგაშვილი მსოფლიო რეიტინგში ლიდერობას 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე უცვლელად ინარჩუნებდა.
თუმცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საბოლოოდ გადაწყვიტა წონა აღარ დაიკლოს და 61 კგ-ში განაგრძოს ასპარეზობა. 4 მაისს, სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხინჩეგაშვილმა ახალ წონით კატეგორიაში წარმატებით დაიცვა წინა წელს მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო რეიტინგში 61 კგ-შიც გალიდერდა.
ამავე წონაში კიდევ ორი ქართველი შევიდა რეიტინგში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე მერვე და პარიზის გრან-პრის გამარჯვებული შოთა ფარტენაძე მე-20 ადგილს იკავებენ.
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125) მეორე ადგილზე იმყოფება.
სულ მსოფლიო რეიტინგში 8 ქართველი ფალავანი მოხვდა.
ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის ავთანდილ კენჭაძე (74) მე-13, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და პრიზიორი დათო მარსაგიშვილი (86) მე-11, ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ელიზბარ ოდიკაძე (97) მეოთხე ადგილს იკავებენ.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.