“ხინჩეგაშვილი ფრანგი მეღვინის რთველში საპატიო სტუმრად იყო მიწვეული”
დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად რთველში იღებს მონაწილეობას. ასევე, მან მიმართვაც გაავრცელა და ხვალინდელი პირდაპირი ეთერი დააანონსა.
სააკაშვილისა და ხინჩეგაშვილის ერთად ყოფნამ ბევრი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ქართველი მოჭიდავე გააკრიტიკეს კიდეც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლადო ოდესაში არა სააკაშვილთან, არამედ ფრანგ მეღვინესთან იყო სტუმრა.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაცაცო კევლიშვილმა გააკეთა.
“ისე, როგორც არასდროს მიყვარს ჩემი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ისე, როგორც არასდროს მეზიზღება ყველა პოლიტიკოსი და მათ შორის პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ფრანგი მეღვინის რთველი სადაც ლადო საპატიო სტუმრად იყო მიწვეული საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა და მრცხვენია ყველა თქვენგანის ნაცვლად, ვისაც ქართველი ოლიმპიელის სიყვარულის გაგრძელებისთვის ჯერ მის პასპორტში ქართველობის დამადასტურებელ ჩანაწერს ითხოვდით და ახლა ისე, რომ არ ელოდებით კომენტარს მომხდარზე აცვით ჯვარს. ხვალ სააკაშვილის Live-ს ხინჩეგაშვილი არ დაესწრება. დანარჩენს ალბათ თავად ლადო იტყვის, მაგრამ ვისთვის ან რატომ? მოისმენთ? განაჩენი ხომ უკვე გამოიტანეთ!” – წერს მაცაცო კევლიშვილი.