ხიზანიშვილმა უმაღლესში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა
“სამტრედიასა” და “სიონს” შორის გამართულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნა.
33 წლის ცენტრალური მცველისთვის ეს უმაღლეს ლიგაში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გატანილი პირველი გოლია. უკანასკნელად, ზურამ შედეგიანი დარტყმა საქართველოს ჩემპიონატში 1999/00 წლების სეზონში შეასრულა, როდესაც თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. 2001 წლიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ბრიტანეთში ასპარეზობდა.
სამტრედიული კლუბისთვის “სიონთან” მატჩი კიდევ რამდენიმე მიზეზით იყო გამოსარჩევი. გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი ლეგიონერი ლეონარდო რამოსი, რომელიც “სამტრედიას” რიგებში პირველ ეტაპზე ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. გარდა ამისა, სამტრედიალთა განაცხადში პირველად იყვნენ სანდრო გურული და 37 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც “სიონის” წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. აღსანიშნავია, რომ “სამტრედია” – “სიონის” შეხვედრას კახა კალაძე დაესწრო.