ხოაკინი: “მინდა, ვინისიუსს ბოდიში საჯაროდ მოვუხადო”
“ბეტისის” ნახევარმცველმა, ხოაკინმა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, ვინისიუსს ბოდიში მოუხადა.
როგორც იცით, 3 ნოემბერს, ლა ლიგაში “რეალმა” “ბეტისი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. ერთ-ერთ ეპიზოდში ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ამ დროს კი Movistar-ის კამერებმა გასახურებლად მყოფი ხოაკინი დაფიქსირეს, რომელმაც “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა შემტევზე თქვა: “ძალიან ცუდია.”
ხოაკინის სიტყვებს ესპანურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 38 წლის ფეხბურთელმა კი ბოდიში მოიხადა.
“ასეთი რამ არ უნდა მეთქვა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვინისიუსი ცუდი ფეხბურთელია. ცუდი რომ ყოფილიყო, “რეალში” ვერ იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, თავს ცუდად ვგრძნობ და მინდა, რომ მას ბოდიში საჯაროდ მოვუხადო. ის ფენომენია და წინ დიდი მომავალი აქვს”, – ციტირებს ხოაკინის სიტყვებს “მარკა”.