ხორვატიამ არ გვაპატია

ხორვატია _ საქართველო 1:0
1:0 მილიჩი (23)
ხორვატია: ლივაკოვიჩი, მიკანოვიჩი, ა.მილიჩი, კოლინგერი, კალეტა, რადოშევიჩი, ჰალილოვიჩი (ვლასიჩი 65), როგი, ცორიჩი (კროვინოვიჩი 56), პაშალიჩი, კოლარი (ბრლეკი 89)
საქართველო: ქურდაძე, გადრანი (ენდელაძე 79), ცნობილაძე, დვალი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, კიტეიშვილი (ხარაიშვილი 46), პაპუნაშვილი, კვირკვია, კაჭარავა (გოშთელიანი 56)
საქართველოს ნაკრებს ამ ასაკში ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია ჰქონდა და ხორვატიაში მარცხის შემდეგ ამის შანსი შემცირდა. არადა, გუნდი მართლაც კარგად გამოიყურებოდა, უფრო მეორე ტაიმში, როდესაც ჩივაძემ შეცვლებს მიმართა.
კაკაბაძის ეროვნულ ნაკრებში გადაყვანის შემდეგ ჩივაძეს მარჯვენა მცველი არ შერჩა და იქ გადრანის დაყენება მოუწია. 190 სმ ცენტრალური მცველისთვის ფლანგზე თამაში რთულია, რადგან შეტევაში ჩართვაც უჭირდა და მარჯვენა ფლაგზე გიორგი პაპუნაშვილს დამხმარე არ ჰყავდა. ამოვარდნილი ჩანდა ოთარ კიტეიშვილი, ბურთი არ მიდიოდა ნიკა კაჭარავამდე. საერთოდ, კაჭარავა „ტარანის“ ტიპის თავდამსხმელია და ხორვატებთან უფრო მოძრავი შემტევი უკეთესი იქნებოდა. ზუსტად ამ სამი ფებურთელის შეცვლა მოუწია ჩივაძეს მეორე ტაიმში, აქედან გადრანის იძულებით, რადგან უკვე შეტევაში მეტი ძალა ესაჭიროებოდა. კიტეიშვილისა და კაჭარავას მოედნიდან გასვლის შემდეგ ჩვენი ნაკრები უკეთ აბურთავდა. ხშირად აკონტროლებდა სათამაშო პროცესს, ბურთსაც იჭერდნენ, მომენტებიც შექმნეს, ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ შეტევაში გართულებს დაცვაში ჩამოსვლაც უგვიანდებოდათ და რამდენჯერმე ჩვენც გადავრჩით.
პირველ ტაიმი შედარებით წყნარ ტემპში მიმდინარეობდა, თამაშს ძირითადად ხოვატები აკონტროლებდნენ. ქართველებმა კარისკენ 25–ე წუთზე დაარტყეს და ისიც სტანდარტულიდან, კიდევ ერთხელ კვირკვიამ მახვილი კუთხიდან, როდესაც ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.
მანამდე ხორვატებმა გაგვიტანეს: ქართველთა დაცვა პოზიციურად შეცდა და მილიჩმა ახლოდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. მასპინძლებს მეორეს გატანაც შეეძლოც, მაგრამ პირისპირ გასულ პაშალიჩს ქურდაძემ აუღო.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე კვირკვიას შეეძლო გატანა, როდესაც გამჭოლ პასს მიმართულება შეუცვალა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მეკარისგან მიტოვებულ კუთხეს. მალევე ხარაიშვილმა კარში დარტყმა პასი ამჯობინა, მაგრამ ცუდი გაგრძელება მისცა შეტევას.
კონტრშეტევებზე ხორვატებსაც შეეძლოთ გატანა. ჯერ ჰალილოვიჩმა დაგვინდო, შემდეგ როგმა „არ გაგვიტანა“, ბოლოს პაშალიჩმაც გვაპატია.
ამ მომენტებს შორის კვირკვია კარგად გაიქცა ფლანგზე, მაგრამ ბოლო პასი დააგვიანა. საერთოდ, ქართველებს სწორედ ბოლო პასი უჭირდათ, ამიტომაც იყო, რომ პაპუნაშვილმა და ხარაიშვილმა შორიდან სცადეს გატანა, მაგრამ ჩარჩოში ვერ მოახვედრეს.
საბოლოოდ, 0:1 და ჯგუფიდან გასვლის შანსი ახლა ჩვენთან ერთად, სხვებზეც ჰკიდია.