ხუთ ლარიანი ბილეთი 150 ლარად – გადამყიდველების მუდმივი პრობლემა ნაკრების მატჩებზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ “დინამო არენაზე” ყველა ბილეთი ჯერ კიდევ 2 დღის წინ გაიყიდა.
“დინამოზე” 54 ათასზე ოდნავ მეტი გულშემატკივარი ეტევა და ბულგარეთის წინააღმდეგ მოედანი სრულად გადაივსება.
მაგრამ, არის ერთი მაგრამ – გადამყიდველები. თუ დღეს “დინამოს” სალაროებთან მოხვდებოდით, დაინახავდით უბილეთო ხალხს, რომლებიც ბილეთს ყიდვას სწორედ მათგან ცდილობდნენ, მაგრამ ფასი 10-ჯერ, 20-ჯერ და ზოგჯერ 30-ჯერაც კი იყო გაზრდილი.
ამ ამბავს ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის, გელა ინალიშვილი და სხვები გამოეხმაურნენ.
ზოგიერთის აზრით, პრობლემის მოგვარება ბილეთზე სახელის და გვარის მითითებით და შემდგომში, პირადობასთან ერთად წარდგენით, შესაძლოა, მოგვარდეს.
გასულ წლებში ერთ კაცზე მხოლოდ 10 ბილეთის გაყიდვა იყო შესაძლებელი, ეს რიცხვი დღეისთვის 4-მდე არის შემცირებული, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.
საერთოდ, აქ თავისუფალი ბაზრის პრინციპი მოქმედებს და მოთხოვნა მიწოდებას წარმოშობას. ხოლო, როცა გვაქვს გარკვეული შეზღუდული სახის მიწოდება და ნაკლები ალტერნატივა, დიდი ალბათობით, 100-ლარიან ბილეთსაც თავისი მყიდველი გამოუჩნდება.
2015 წლის 12 ივლისს სუპერთასის დროს ფედერაციამ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა.
“აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა ის პირი, რომლებიც ბილეთებს შემდგომში გადაყიდვის მიზნით ყიდულობენ, რომ შსს-სა და მერიის მობილური ჯგუფები გადამყიდველთა გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობენ და ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.”
ფაქტია, მას შემდეგ, ბევრი რამ არ შეცვლილა. შეიცვალა ტექნოლოგიები, მაქსიმალურად შემცირდა სალარო გაყიდვები და ელექტრონულ ბილეთებზე მოხდა გადასვლა, მაგრამ გადამყიდველების თემა არ ამოწურულა.
ბულგარეთის წინააღმდეგ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.