ხვალ ეროვნული ლიგა 2018 იწყება (ვიდეო)
ხვალ, 2 მარტს საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი აიღებს სტარტს. პირველი ტური ოთხ დღეზე იქნება გადანაწილებული. ჩემპიონატი ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილას” შორის გასამართი მატჩით გაიხსნება, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
3 მარტს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს (15:00 სთ).
4 მარტს ორი შეხვედრა გაიმართება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის “ლოკომოტივი” “სამტრედიას” დაუხვდება (13:30 სთ), ხოლო “დინამო არენაზე” “დინამო თბილისი” ეროვნულ ლიგაში გადმობარგებულ “რუსთავს” უმასპინძლებს (16:00). ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ტური ორშაბათს, 5 მარტს “საბურთალოსა” და ბოლნისის “სიონს” შორის მიხეილ მესხზე გასამართი შეხვედრით დასრულდება (19:00).