ხვიჩა კვარაცხელია: “რუბინში” გადასვლა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა”
1 ივლისს, ყველასათვის გასაკვირად, “რუბინის” ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა “ლოკომოტივიდან” წასვლაზე საჯაროდ ისაუბრა და აღიარა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი არ ყოფილა.
“უპირველესყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მე მგულშემატკივრობდა. ეს საუკეთესო ექვსი თვე იყო ჩემთვის.
ამ დროის მანძილზე გავიზარდე არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. უდიდესი მადლობა იური პალიჩს “ლოკომოტივში” თამაშის შანსისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
რაც შეეხება გუნდიდან ჩემ წასვლას – “რუბინში” გადასვლა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ჩემი ინფორმაციით, აქ მთელი სეზონი უნდა გამეტარებინა, რაც ძალიან მახარებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე მოხდა. დიდი მადლობა ყველას.
თქვენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები მაჩუქეთ! ფანებო, თქვენ მსოფლიოში ყველაზე მაგრები ხართ! მადლობა ყველას, რომელმაც ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა,” – ვკითხულობთ კვარაცხელიას განცხადებაში.