ხვიჩა კვარაცხელია: ‘რუსეთში დარჩენას არ ვაპირებ’

თარიღი: დეკემბერი 27, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთრ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

19 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ის ყაზანის “რუბინში” თავს კარგად გრძნობს და თუ ამ კლუბს დატოვებს, სხვა რუსულ გუნდში არ წავა.

“ჩემი ოცნება “რეალში” თამაშია, რადგან ბავშვობიდან ამ კლუბის გულშემატკივარი ვარ. ძალიან ბევრი კარგი ჩემპიონატია. კარიერის გაგრძელებას ევროპაში ვისურვებდი. ჩემი ოცნებაც ისაა, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

“რუბინთან” კონტრაქტი სამ წელში მეწურება. ახლაც მიმდინარეობს შემოთავაზებების განხილვა. ან დავრჩები ან წავალ, ეს უფრო დროის ამბავია. რუსეთში დარჩენას არ ვაპირებ. თუ ვიქნები რუსეთში, ვიქნები მხოლოდ “რუბინში”, არსად წასვლას არ ვაპირებ. თუ წავალ, მხოლოდ ევროპაში წავალ. “რუბინში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”, – განაცხადა ხვიჩამ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

გერმანული სააგენტო Transfermarkt კვარაცხელიას 7.5 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ როგორც ცნობილია, ყაზანის “რუბინი” მის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები