კიელინი: “გვინდა, ეს გამარჯვება დავიდე ასტორის ხსოვნას მივუძღვნათ”
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ევროპის ჩემპიონი ნაკრები რეზიდენციაში მიიღო. სიტყვით გამოსვლისას, გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ პრეზიდენტსა და იტალიელ ფანებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება კი 2018 წელს გარდაცვლილ დავიდე ასტორის ხსოვნას მიუძღვნა.
“ძვირფასო პრეზიდენტო, ნება მომეცით, ჩემი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი გვერდში დგომა მნიშვნელოვანი იყო. გვინდა, ეს გამარჯვება მივუძღვნათ მილიონობით იტალიელს მთელ მსოფლიოში, მათ თავი მარტო არ გვაგრძნობინეს და მხარს გვიჭერდნენ.
გვინდა, ეს გამარჯვება მივუძღვნათ დავიდე ასტორის ხსოვნას. ვისურვებდით, ის ახლა აქ ყოფილიყო, მაგრამ დავიდე მუდამ ჩვენს გულებშია”, – ციტირებს კიელინის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი სხვადასხვა დროს “მილანში”, “კალიარიში”, “რომასა” და “ფიორენტინაში” თამაშობდა. მას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.