კიელინი: “ტოტის “ოქროს ბურთი” უნდა მოეგო, ოუენი და შევჩენკო მას არაფრით აღემატებოდნენ”
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გარკვეული მონაკვეთი “რომას” ლეგენდარულ კაპიტან ფრანჩესკო ტოტის მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ის “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებდა.
“მე და ტოტი ძირითადად ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიყავით, თუმცა ერთადაც გვითამაშია. ფრანჩესკო ნამდვილად დიდებული ფეხბურთელი იყო და ძალზედ სამწუხაროა, რომ მისი თამაში სხვა გრანდის რიგებში ვერ ვიხილეთ, თუმცა მან მთელი ცხოვრება “რომას” მიუძღვნა და ეს რომანტიულია.
მას კარიერის განმავლობაში გაცილებით მეტი ტიტული მოგება შეეძლო. ტოტის “ოქროს ბურთი” უნდა მოეგო და მან განვითარების ის შესაძლებლობა, ალბათ, ხელიდან გაუშვა, რომელიც მდგომარეობის გამოცვლის დროს გეძლევა. თუმცა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტოტი კომფორტზე ფიქრობდა, მას არაფერი ესმის. ის გადაწყვეტილებებს სიყვარულით იღებდა.
ტოტის ნამდვილად შეეძლო “ოქროს ბურთის” მოგება მანამ, სანამ “უცხოპლანეტელების” (რონალდუ, მესი) ეპოქა დადგებოდა. ეს ჯილდო ისეთმა ფეხბურთელებმა მოიგეს, როგორებიც მაიკლ ოუენი და ანდრეი შევჩენკო იყვნენ. ისინი დიდებული ფეხბურთელები გახლდნენ, მაგრამ ტოტის ნამდვილად ვერ ჯობდნენ.
ფრანჩესკოს თვალები კეფაზეც კი ჰქონდა. ის ისეთ გადაცემებს აკეთებდა, რომ ასეთ რამეს სხვა ვერც კი მოიფიქრებდა. მე მისი ფანტასტიური თამაშები მინახავს: პირველ რიგში, ეს განპირობებული იყო მისი საოცარი ფიზიკური მომზადებით, შემდეგ კი თუნდაც დაბალ ტემპში, მაგრამ უმაღლეს კლასში ნაჩვენები შესრულებით.
ტექნიკური, მენტალური და მოედნის ხედვის თვალსაზრისით ტოტი მსოფლიო დონის მოთამაშე იყო. ფრანჩესკო ტოტიმ ანტონიო კასანოსთან ერთად “რომას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და შესაძლოა, საუკეთესო ტანდემიც კი შექმნა”, – აღნიშნავს კიელინი.