კირაკოზაშვილმა ევროპა მოიგო
ავსტრიაში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი კარგად დაიწყეს ქართველმა ძიუდოისტებმა. 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი – ასეთია პირველი დღის მონაგარი. ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი კაციაშვილმა (73) და თორნიკე ნაგლიაშვილმა (60) დაისაკუთრეს.
კირაკოზაშვილმა ოქროსკენ მიმავალ გზაზე ჯერ რუსი ალექსანდრ კოლესნიკი დააიპონა, შემდეგ იტალიელი ლეონარდო გასალია, ფრანგ ლუკას ოტმანესთან ვაზარით აგებდა, მაგრამ მაინც სუფთად დააგდო, ნახევარფინალში კი კოსოვოელ აკილ ჯაკოვასაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე.
ჩვენებური ფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოვაკს დადაეყარა, რომელმაც ნახევარფინალში კიდევ ერთ ქართველს, გიორგი კაციაშვილს სძლია. კირაკოზაშვილი თავიდანვე უტევდა მეტოქეს, 2 გაფრთხილებაც მიაღებია, შემდეგ კი სლოვენიელი ფეხში შევიდა, რაც წესების დარღვევაა და მსაჯებმა მოხსნეს ფინალიდან.
კაციაშვილმა ესპანელი კარლოს აგილარი იპონით დაამარცხა, რუმინელ ელემრ სოკს 2 იუკო და ვაზარი აუღო, ფინელი არტუ მაატა ვაზარის შემდეგ დააიპონა და სლოვენიელთან ჰოვაკთან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეჟაშში გადაინაცვლა და გერმანელ ტიმო კაველიუც იპონით დასაჯა. მესამე ადგილისთვის კი კირაკოზაშვილის მიერ წაქცეულ ჯაკოვას გადაეყარა და წუთიც არ დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
ნაგლიაშვილმა ჰოლანდიელი თორნიკე ცხადაიას გაფრთხილელებით მოიგო, ბელგიელი ნიფალ ეზ ზერადი კი იპონით დაამარცხა, ვაზარით მოუგო ბულგარელი დენისლავ ივანოვი და ნახევარფინალში წააგო ფრანგ უოლდ ხიართან. ნაგლიაშვილი მესამე ადგილისთვის ბრიტანელ ნეილ მაკდონალდს დაეჭიდა, რომელსაც 9 წამში მოუმთავრა საქმე და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა შავდათუაშვილმა იპონით კი მოუგო ფინელ ჰენრი მაატას, შემდეგ გაფრთხილებით ბოსნიელ პეტარ ზადროს, მაგრამ იპონით წააგო მოლდოველ გეორგ ბლანარუსთან უმედლოს დარჩა. ისევე როგორც 55 კილოგრამ წონაში მოჭიდავე ირაკლი კუპატაძე, რომელიც პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა ბელგიელ ვლადისლავ ლიმთან.
ქალებში მარიამ ჯანაშვილმა (52) და სალომე აბაშიძემ (57) იჭიდავეს და ორივემ თითო შეხვედრა მოიგო. ჯანაშვილმა ბოსნიელ ადემა დერვიშევიჩს მოუგო და თურქ დამლა გალიკსთან დამარცხდა, ხოლო აბაშიძემ კოსოვოელ ლეუტმიტ კრასნიკთან მოგების შემდეგ პოლონელ მარტინა დობროვოლსკასთან წააგო.