კირილ დენისოვი: “ლიპარტელიანს არაფერი გაუკეთებია”
რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, კირილ დენისოვმა უნგრეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ ლიპარტელიანთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც იცით, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლიპარტელიანმა დენისოვი ერთი ვაზარით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ძიუდოისტს ერთი ვაზარიც გააუქმეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვერცხლის მედალს დაეუფლა, რუსი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
“ბრინჯაოს მედლის მოპოვებით გახარებული ვარ, მაგრამ მეტი მსურდა და მინდოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომეგო. ეს შემეძლო კიდეც, თუმცა მეოთხედფინალში დავმარცხდი.
რაც შეეხება ლიპარტელიანთან შეხვედრას, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვე. ბოლომდე დავიხარჯე, მე ყველაფერი გავაკეთე, მან კი არაფერი – მხოლოდ ერთი კონტრ-შეტევა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პრობლემაა, რადგან კონტრ-შეტევა გამომეპარა. მეტოქე დაცვაზე ბევრს ფიქრობდა, მე მისი ჭიდაობის სტილი არ მომწონს. მირჩევნია ისეთი ბრძოლა იყოს, როგორიც ძიუდოს შეეფერება. ის უფრო ტაქტიკურად მოქმედებდა, რაზეც ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩემი შეცდომაა. ამ მარცხმა გამაგიჟა”, – განაცხადა დენისოვმა.
იხილეთ დენისოვის ინტერვიუ
იხილეთ ლიპარტელიანი – დენისოვის შეხვედრა