კითხვები რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს
საინტერესო ფაქტია, ფეხბურთის ფედერაციაში მოახლოებული არჩევნების წინ, ქართულ რეალობაში სკანდალური მოვლენები საკმაოდ გახშირდა.
თუ გარიგებულ მატჩებზე სპეკულაციები ძველი და კარგად ნაცნობი მოვლენაა, სტადიონებზე შევარდნა და მატჩების ჩაშლა, თანაც სხვადასხვა მიზეზებით, საკმაოდ პოპულარულ ნოვაციად იქცა, რომელიც რიგ შემთხვევაში ძალიან კარგად არის ორგანიზებული და სპონტანურ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ გავს, რაც გარკვეულ ეჭვებსაც იწვევს.
ამასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მნიშნველოვან გააქტიურებასა და უამრავ ახალ წამოწყებას ვხედავთ. თუნდაც, უეფასთან ერთად წამოწყებული ახალი პროექტი რად ღირს, რომელიც საფეხბურთო მენეჯერების ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და ქართულ სპორტულ სივრცეში უპრეცენდენტოა. მაგრამ ის აქტუალურობას, სწორედ აღნიშნული მოვლენების ფონზე კარგავს.
ამ ვითარებაში გასარკვევად და ეროვნული ჩემპიონატის განვითარების სტრატეგიაზე (რომლის ხედვაც ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს განსხვავებული აქვთ) სასაუბროდ არაერთხელ ვცადეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ბატონ ზვიად სიჭინავასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ბატონ ლევან ყიფიანთან დაკავშირება და ინტერვიუს ჩაწერა. თუმცა, როგორც ირკვევა ქართულ ფეხბურთზე პასუხისმგებელ პირებს პრესასთან საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ რამდენიმე კვირის მანძილზე თუნდაც ერთი საათის გამოყოფა გაუჭირდათ, რაც რბილად რომ ვთქვათ, რთული დასაჯერებელია… ან შესაძლოა უარესი, თუ მაინცდამაინც აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაახლოებული ჟურნალისტი უნდა იყო, რომ მათთან მისასვლელი კარები ყოველთვის ღია დაგხვდეს.
კითხვები კი პასუხგაუცემელი რჩება და მრავალ ეჭვს ბადებს ქართული ფეხბურთის მოყვარულებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები ჩვენთვის დაპირებულ დროს გამონახავენ და შესაძლებლობა მოგვეცემა მათი აზრი, ჩვენს ათასობით მომხმარებელს გავაცნოთ.