კივუმ კარიერა დაასრულა
„ინტერის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა დაადასტურა, რომ ურთიერთშეთანხმების შედეგად, მცველ კრისტიან კივუსთან კონტრაქტი გაწყვიტა. განცხადებაში „ნერაძურის“ ხელმძღვანელებმა რუმინელ ფეხბურთელს შვიდწლიანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ კივუმ მოთამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ „ნერაძურისთან“ კონტრაქტი კრისტიანს მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა. აქედან გამომდინარე, მან ორი თვის ხელფასზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს კივუ „ინტერის“ ლაზარეთში ხშირად იმყოფებოდა. რუმინელის თქმით, მას არ აწყობდა, რომ უთამაშებლობის მიუხედავად, ხელფასს იღებდა. არც ისე დიდი ხნის წინ კრისტიანმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა.
ცნობისთვის, კივუ რუმინეთის ოთხგზის, იტალიის სამგზის და ჰოლანდიის ერთგზის ჩემპიონია. გარდა ამისა, რუმინელს სხვადასხვა ეროვნული თასებიც აქვს მოგებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისთვის, რა თქმა უნდა, 2009/2010 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო.
ალექსანდრე მატევოსოვი