კლატენბურგი: “იუვეს” გავარდნის შემდეგ, ოლივერს ოჯახთან ერთად გაქცევა მოუწია”
მარკ კლატენბურგმა პრესასთან საუბრისას მაიკ დინის ეპიზოდი განიხილა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მიღებული საკამათო გადაწყვეტილებების გამო, დინს ფანები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
“ძალიან მტკივნეულია. საშიშია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოციალური ქსელები ამას უშვებენ. შეუძლია პრემიერ ლიგას ამის შეჩერება? არა. საარბიტრაჟო კომიტეტს? არა. ტვიტერს? დიახ. ისინი მსგავს პრეცენდენტებს უშვებენ. მეც მაყენებენ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯების ხელმძღვანელი ვარ.
მაიკ დინს 15 წელია ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ დიდებული ადამიანია. ის წარმოუდგენლად გამოცდილია და ამ ორი წითელი ბარათის გამო საკუთარ თავს ადანაშაულებს.
მსაჯებიც ადამიანები არიან. ასეთ სიტუაციებში შეცდომებს მსაჯებიც უშვებენ. მეც არაერთხელ დამიშვია შეცდომა. მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. თუმცა მედია ამას არ ითვალისწინებს.
მაგალითისთვის, “იუვენტუსის” გავარდნის შემდეგ მაიკლ ოლივერს საკუთარი ოჯახთან ერთად სახლიდან გაქცევა მოუწია. ეს არასწორია, მაგრამ სანამ სოციალური ქსელების ხელმძღვანელები ამაზე ხმას არ ამოიღებენ, მაიკის შეურაცხყოფა არ შეწყდება,” – აცხადებს კლატენბურგი.