კლაუდიო მარკიზიო “ზენიტში” გადავიდა
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კარიერას რუსეთში გააგრძელებს. 32 წლის იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადავიდა. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. მარკიზიო რუსული გუნდის რიგებში ათნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ზენიტში” გადმოსვლაზე უარი რომ არ უნდა მეთქვა, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მომწონს ეს კლუბი და მისი ამბიცია. “იუვენტუსიდან” წამოსვლის შემდეგ ვთქვი, რომ სხვა იტალიურ გუნდში არ ვითამაშებდი, ამიტომ ისეთ უცხოურ კლუბს ვეძებდი, რომელსაც ჩემი მსგავსი ღირებულებები ექნებოდა. “ზენიტის” სტადიონმა და აქაურმა ქომაგობამ გამაოცა. ეს განსაკუთრებული გუნდია, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს”, – თქვა მარკიზიომ.
“ზენიტმა” კლაუდიო მარკიზიო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის გუნდის 24-კაციან განაცხადში უკვე შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიომ “იუვენტუსის” რიგებში 12 წელიწადი დაჰყო, რა პერიოდის განმავლობაშიც “ბებერი სინიორას” მაისური 389-ჯერ მოირგო და 37 გოლი გაიტანა. მან “ბიანკონერისთან” ერთად 14 ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.