კლებერსონი: “რონალდინიომ გადამაგდო და “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გამომყვა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჟოზე კლებერსონმა ჟურნალ Four Four Two-სთვის მიცემულ ინტერვიუში კარიერის საინეტრესო ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ინგლისურ კლუბში მასთან ერთად რონალდინიოც უნდა გადასულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა ის მოატყუა.
“იმ პერიოდში ჩემით ორი კლუბი იყო დაინტერესებული: “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლიდს იუნაიტედი”. მათ შორის არჩევანის გაკეთება მარტივი იყო, თუმცა ერთ სასაცილო ეპიზოდს გავიხსენებ. როდესაც დადასტურდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ნამდვილად სურდა ჩემი დამატება, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად საფრანგეთში კონფედერაციის თასზე ვიმყოფებოდი. ზუსტად მახსოვს: ჩემთან ერთად რონალდინიო და მისი ძმა და აგენტი ასისი გახლდათ. რონალდინიომ მითხრა: “მათ ჩვენი ორივეს დამატება სურთ. ასე რომ, წინ!”
გამიხარდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემთან ერთად რონალდინიო გადმოვიდოდა. შემდეგ ბრაზილიაში დავბრუნდი და ინგლისელებთან მოლაპარაკება გავაგრძელე, რონალდინიომ კი გადამაგდო და სათამაშოდ თბილი ბარსელონა აირჩია. ამ ამბავზე დღემდე ვხუმრობთ ხოლმე. მან იცის, რომ ჩემი ვალი აქვს”.
შეგახსენებთ, რომ კლებერსონი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2003-დან 2005 წლამდე იცავდა.