კლოპი იხსენებს, რომ “ბაიერნთან” უმნიშვნელოვანეს მატჩამდე გუნდს როკი ბალბოაზე ესაუბრებოდა
დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი თავკაცი, იურგენ კლოპი, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ისტორიას იხსენებს. გერმანელმა სპეციალისტი აღიარებს, რომ “ბაიერნთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ფეხბურთელებს როკი ბალბოას ფილმის ფრაგმენტები აჩვენა.
“წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდა ბუნდესლიგაში, “ბაიერნის” წინააღმდეგ. მიუნხენში დაახლოებით 20 წელი არ მოეგო “ბორუსიას”. ხშირად ჩემი შთაგონების წყაროს ფილმები წარმოადგენენ. როდესაც ბიჭების მოტივირება მსურს, ყოველთვის როკი ბალბოას ვიხსენებ. ჩემი აზრით, როკის ოთხივე ფილმი მსოფლიოს ყველა სკოლის ბავშვებს უნდა აჩვენონ. ეს ანბანის სწავლასავით მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თუ ამ ფილმებს ნახავ და მწვერვალების დაპყრობა არ მოგინდება, მაშინ რაღაც ისე ვერ არის.
ასე რომ, “ბაიერნთან” თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩემი გუნდი სასტუმროში შევკრიბე. ვითარება გავაცანი და როკის მეოთხე ფილმიდან ფრაგმენტები ვაჩვენე. ის ნაწილები, რომლებშიც ივან დრაგო ჩანდა.
იმ ეპიზოდში დრაგო სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს და ამავდროულად დიდი კომპიუტერები მის ფიზიკურ მონაცემებს აფასებენ. ბიჭებს ვუთხარი – “ხედავთ? ივან დრაგო მიუნხენის “ბაიერნია”. ყველაფერში საუკეთესო! საუკეთესო ტექნოლოგიით! საუკეთესო მანქანებით! შეუჩერებელია!”. შემდეგ კი ვაჩვენე როკი, რომელიც ციმბირში, თავის პატარა სახლში ვარჯიშობდა. ის ხეებს ჩეხდა და თოვლიან მთებში გზას იკვალავდა.
გუნდს ვუთხარი – “ხედავთ? ეს ჩვენ ვართ. ჩვენ როკი ვართ. მართალია, უფრო პატარები ვართ, მაგრამ ჟინი იგივე გვაქვს. ჩემპიონის გული გვაქვს! შეგვიძლია შეუძლებელი რამ გავაკეთოთ”. ვაგრძელებდი ასეთ ტონზე სუბარს და რაღაც მომენტში ბიჭებს გავხედე, რათა მათი რეაქციები მენახა.
ველოდი, რომ ფეხზე წამომდგარ ბიჭებს ვნახავდი, რომლებიც მზად იყვნენ ციმბირის მწვერვალების დასაპყრობად. მაგრამ ყველანი სავარძლებში ისხდნენ და მკვდრის თვალებით მიყურებდნენ. მიყურებდნენ და ფიქრობდნენ, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობს ეს გიჟი ადამიანი. შემდეგ კი გამახსენდა, რომ ეს ფილმი 80-იან წლებში გამოვიდა და ვკითხე მათ, თუ ჰქონდა რომელიმეს ნანახი. ხელი მხოლოდ ორმა ასწია.
ამგვარად, მონოლოგმა ვერ გაამართლა, ყველაფერი წყალში ჩამეყარა! ეს ალბათ ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მათი მწვრთნელი კი საბჭოთა კავშირის ტექნოლოგიებსა და ციმბირზე საუბრობდა მთელი ათი წუთის მანძილზე! ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა.
ასეც ხდება, ზოგჯერ საკუთარ თავს ვარცხვენთ კიდეც. ჩვენ ადამიანები ვართ. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ არ მახსოვს, მოვიგეთ თუ არა ის მატჩი. თუ ეს 2011-ში იყო, როდესაც 3-1 მოვიგეთ, მაშინ ისტორია კიდევ უფრო ბრწყინვალე ყოფილა!,”- ვციტირებთ იურგენ კლოპის სიტყვებს.