კლოპი მარშის ვიდეოზე: “ჩემთვის რომ ეს გაეკეთებინათ, “ლივერპულიდან” წავიდოდი”
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ კედლებში “ზალცბურგი” მიიღო. თავდაპირველად მერსესაიდელებმა 3-ბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეძლეს, რომელიც მეტოქემ გააბათილა. თუმცა შეხვედრა მაინც “მერსესაიდელთა” გამარჯვებით 4-3 დასრულდა.
მატჩის შემდეგ “ზალცბურგმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მიმართავს შესვენებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში ფეხბურთელებს.
“უპირველესყოვლისა, რამდენჯერ დავჯარიმდით? ალბათ ორჯერ! ეს ხომ ამხანაგური შეხვედრა არაა, ჩემპიონთა ლიგაა! უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ.
ვან დეიკთან უფრო დაუნდობლები იყავით. ზედმეტად დიდი პატივისცემით ვთამაშობთ, ასე არ შეიძლება. ძლიერები არიან? დიახ, ასეა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვებრძოლოთ და ყველაფერი დავუთმოთ.
ბიჭებო, მათ უნდა იგრძნონ, იგრძნონ რომ ჩვენ აქ საბრძოლველად ვართ ჩამოსულები. ახლა ცოტას ტაქტიკაზე ვისაუბრებთ და მოედანზე თვითდაჯერებულები გავალთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
ვნახეთ, რომ ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ უკეთ შეგვიძლია. ყველაფერი უნდა ჩავდოთ. სტანდარტულებიდან არც ისე სახიფათოები არიან. მიდით, ჩვენ მეტის შეთავაზება შეგვიძლია!” – ამბობს მარში გუნდთან საუბრისას.
ამ ვიდეომ გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა არ მოსწონებია იურგენ კლოპს: “ჩემთვის რომ იგივე გაეკეთებინათ, “ლივერპულიდან” წავიდოდი. ამ საკითხზე სხვა არაფერს ვიტყვი.”