კლოპის ულტიმატუმი: “თუ ნორმალურ დროს არ შეარჩევენ, მოედანზე არ გავალთ”
მერსესაიდული “ლივერპულის” თავკაცმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმი წაუყენა – თუ “ლივერპულს” ლიგის თასის მატჩს კომფორტულ დროს არ დაუნიშნავენ, “წითლები” მოედანზე გასვლაზე უარს იტყვიან.
“მე სულაც არ ვღელავ, ამაზე სხვამ უნდა იდარდოს, რადგანაც განრიგს ჩვენ არ ვადგენთ. ფიფამ გვითხრა, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშოდ კატარში უნდა წავიდეთ და ასეც ვიზამთ. პრემიერ ლიგა გვეუბნება, რომ საშინაო ჩემპიონატში უნდა ვითამაშოთ და ასეც ვიქცევით. თუმცა თუ ლიგის თასზე თამაშს შესაფერის დროს არ დაგვინიშნავენ და შობის დღეს, სამ საათზე გვექნება სათამაშო, მოედანზე არ გავალთ.
მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ასეთი რაღაცები უნდა გაითვალისწინონ. ერთ გუნდს არ შეუძლია ამდენ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. იმედია, ამას არ შევეწირებით.
დღეს ჩვენ მოსაგებად გავედით და გავიმარჯვეთ კიდეც (“არსენალთან”, 5-5, 5-4 პენალტების სერიაში). თუ კომფორტულ დროს არ დაინიშნება თამაში, მათ ან “არსენალი” ეთამაშება, ან ჩვენი მეტოქე პირდაპირ გავა შემდეგ ეტაპზე,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.