კლოპი: “რომც წაგვეგო, არ ვინაღვლებდი”
უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩის შესახებ ისაუბრა მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
“რთულია ახსნა. “ენფილდზე” საოცარი, საოცარი საღამო იყო. სიმართლე გითხრათ, უცნაური მატჩი გამოვიდა.
როდესაც მოედანზე სტარიჯი და ალენი გამოვუშვით, ჩვენ მათ ვუთხარით: “ჩვენ ჩვენი ხასიათი უნდა ვაჩვენოთ”. რომც წაგვეგო, არ ვინაღვლებდი. ჩვენ ჩვენი ხასიათი უნდა გვეჩვენებინა და მეტიც გავაკეთეთ.
ეს არის ევროპული ფეხბურთი, ეს არის საუკეთესო. მიჭირს დაჯერება. ვულოცავ ბიჭებს.
შესვენების დროს რთული იყო ისევ ისეთი გაბედულები ვყოფილიყავით, თუმცა შევთანხმდით, რომ ეს რთული გზა უნდა გაგვევლო. მნიშვნელობა არ აქვს, “ლივერპულის” ფანი იქნება თუ “დორტმუნდის”, ამ მატჩის შემხედვარე ნებისმიერი ქომაგი იტყვის, რომ ფეხბურთი ძალიან კარგი თამაშია.
მარჯვენა მკლავი მტკივა. არ ვიცი, რატომ მტკივა, შესაძლოა, ვიღაცამ დამარტყა. საოცარი საღამო იყო, დაუვიწყარი.
ეშმაკებივით ვიბრძოდით. ცოტა გაგვიმართლა, თუმცა დამსახურებულად გავიმარჯვეთ”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ბიბისი”.