კობიაშვილი: “ახლო მომავალში გადაწყდება, სად ჩატარდება შეხვედრა”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ევრო 2020-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩის მასპინძლობის საკითხზე ისაუბრა.
კობიაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, სად ჩატარდება შეხვედრა – ბათუმში თუ თბილისში.
“ეს ისეთი მატჩია, 50 000 ადამიანზე მეტს ექნება დასწრების სურვილი. თუმცა 20000-იან და 50000-იან სტადიონებს შორის განსხვავებას მეც ვხედავ. ეს თემა ჯერ-ჯერობით ისევ ღიაა. ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ბათუმის სტადიონი მშენებლობის პროცესშია. დანამდვილებით რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ამ პერიოდში ეს სტადიონი მზად იქნება.
უეფასგანაც გვჭირდება თანხმობა. უეფას წინასწარ უნდა აცნობო, რომელ სტადიონზე ატარებ მატჩს, მათ უნდა შეაფასონ მდგომარეობა. თუ ისე დალაგდება ყველაფერი, რომ ფინალშიც გავალთ, ერთი მატჩის ბათუმში და მეორე მატჩის თბილისში ჩატარება, არ მგონია, ცუდი იდეა იყოს. ახლო მომავალში გადაწყდება, სად ჩატარდება შეხვედრა”, – განაცხადა კობიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ტაიმაუტში”.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 26 მარტს, ხოლო ფინალური შეხვედრები 31 მარტს გაიმართება.