კობიაშვილი ფეხბურთელებს: “ილოცეთ, რომ მომდევნო სიაში თქვენი სახელი არ ამოიკითხოთ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია დამნაშავეების მიმართ შემწყნარებლობას არ გამოიჩენს.
კობიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ გამოიკვეთონ მატჩების ჩაწყობაში გამოჭერილი კლუბები და ფეხბურთელები, რომლებიც უმკაცრესად დაისჯებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ.
“პირველივე დღიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ებრძვის ყოველგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს. დაწყებული პირველი ლიგიდან დასრულებული მეოთხე ლიგით, დეტალურად ვაკვირდებით ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან და არ ვაპირებთ ვინმეს შევარჩინოთ ასეთი დანაშაული.
პირადად მე, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა როგორც კლუბს, ისევე ფეხბურთელებს სათანადოდ მოეთხოვოს პასუხი. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში სხვა კლუბებისა სახელები ამოტივტივდეს და მივმართავ ფეხბურთელებს, რომ ილოცონ მათი სახელები არ ამოიკითხონ მათ შორის,” – აცხადებს ლევან კობიაშვილი.