კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს
მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს.
ფეხბურთელი 2020-2021 წლების სეზონში “რიუ ავეს” ღირსებას იცავდა და პორტუგალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის აპრილში “ბოავიშტასა” და “რიუ ავეს” შორის გამართულ მატჩში (3:3) “შეურაცხყოფისა და რეპუტაციის შელახვისთვის” კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯა და ჯარიმის სახით 850 ევროს გადახდაც დააკისრა, თუმცა ვერდიქტი ახლა გამოიტანეს, როცა ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია და პორტუგალიის ლიგა გადაწყვეტილების გვიან მიღებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ფაბიუ კოენტრაუ “რეალის” ღირსებას 2011-დან 2018 წლამდე იცავდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.