“კოკა-კოლას” თასი” დაიწყო! (ფოტოები)
დღეს “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედანზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლას” მიერ ორგანიზებული ბავშვთა ყველაზე მასობრივი საფეხბურთო ტურნირი — “კოკა-კოლას თასი”.
წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურნირში გოგონების გუნდებიც ჩაერთვნენ.
ამ ტურნირის ისტორია 2006 წლიდან იწყება და მას „სკოლბურთის“ სახელით იცნობდნენ. 2007 წლიდან, ტურნირი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 10-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.
გახსნისას მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ მიმართეს.
რევაზ არველაძე: “ისეთი შესაფერისი ბმა, როგორიც არის ფეხბურთი და “კოკა-კოლა”, ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ “კოკა-კოლა”, განსაკუთრებით კი ქართული, არის ყველაზე გემრიელი და ძალიან უხდება ფეხბურთს. ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლების განმავლობაში ვატარებთ ამ არაჩვეულებრივ ტურნირს. წელს 13 ათასი მონაწილე გვყავს, აქედან 10 ათასი არის ახალგაზრდა ბიჭი და 3 ათასი – გოგონა. დიდი იმედი გვაქვს, რომ რაოდენობრივად იმ ჩამორჩენას, რომელიც გვაქვს ქალთა ფეხბურთში, მაქსიმალურად შეამცირებს წლევანდელი სკოლბურთის გათამაშება. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი ახალგაზრდა დღეს ჩვენთან ერთად არის და თამაშობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშს, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია. მე არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი საქართველოს განათლების სამინისტროს და კომპანია “კოკა-კოლას” ჩვენთან ერთად ამ არაჩვეულებრივი ტურნირის ორგანიზებისთვის”.
თემურ ჭყონია: “ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. ამ ტურნირს ესწრება უამრავი სელექციონერი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, იპოვონ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, ამიტომ დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და განათლების სამინისტროს. გოგოებს ვუსურვებ, რომ მაგრად იყვნენ და არ შეეშინდეთ. “კოკა-კოლას” თასს” გახსნილად ვაცხადებ, მოგილოცავთ და წინ გამარჯვებისკენ!”
ორად გაყოფილი მოედანი პატარა გოგოებმა და ბიჭებმა დაიკავეს, მინდორზე გუნდი გუნდს ენაცვლებოდა, პატარა ფეხბურთელებს კი ტრიბუნიდან მშობლები და ნაცნობ-მეგობრები ამხნევებდნენ.
წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას იღებს 1155 გუნდი, აქედან ბიჭების გუნდები – 935 სკოლა, 9350 მოზარდი და გოგონების გუნდები – 220 სკოლა, 2200 გოგონა, ანუ სულ 11550 ბავშვი მონაწილეობს.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები