კოკა-კოლას თასი: ხვალ თბილისის ფინალური მატჩები გაიმართება
30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ კოკა-კოლას თასის თბილისის ფინალური შეხვედრები გაიმართება. დღის ბოლო მატჩი 13:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, და კოკა-კოლას პრეზიდენტი თემურ ჭყონია დაესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ტურნირის ორგანიზატორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოვებენ.
ფინალურ მატჩზე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი იქნება წარმოდგენილი და მსურველებს მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლებათ.
კოკა-კოლას თასზე თბილისის ყველა რაიონიდან 2003-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა და 2002-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულ ვაჟთა ხუთი და გოგონათა ერთი გუნდი კვარიათში გაემგზავრება და სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ორთაბრძოლაში გაარკვევს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ვინაობას. გასულ წელს „კოკა-კოლას თასში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. წელს ეს რიცხვი გაიზარდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 16000 მოსწავლეა ჩართული.
აღნიშნული ტურნირი კოკა-კოლას მხარდაჭერით ტარდება და მისი მთავარი მიზანი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა.
Gff.Ge